თბილისის მე-14 წიგნის ფესტივალი. წიგნები, წიგნები, წიგნები…


თბილისის, რიგით მე-14 წიგნის ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და ოთხი დღე გასტანს. ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და გამომცემელთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. მასში სხვადასხვა გამომცემლობა იღებს მონაწილეობას. ფესტივალის მსვლელობისას მკითხველს საშუალება ეძლევა წიგნები შედარებით იაფად შეიძინოს.

წიგნის ფესტივალი, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გახსნა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქციები, პრეზენტაციები და ლიტერატურული კონკურსები. წარმოდგენილნი იქნებიან ლიტერატურული კონკურსის საბას ფინალისტებიც.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ჩემთვის წიგნის ფესტივალი ორმაგად საინტერესო იყო, რადგან გამომცემლობა “არტანუჯმა” წარმოადგინა ჩემი და ალექსანდრე მიქაბერიძის ახალი წიგნი – “ნაპოლეონის მამლუქი – რუსტამ რაზას მემუარები”.

ეს ნაშრომი მეტად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ორიგინალი მემუარების გამოქვეყნებით პასუხი გაეცემა ყველა იმ კითხვას, რომელიც რუსტამის გარშემო ჩნდებოდა და გაჩნდება. მემუარების მცირე ნაწყვეტები ადრეც იყო თარგმნილი, მაგრამ არასწორად, ამიტომ საზოგადოების დიდ ნაწილს რუსტამი ქართველ როსტომ რაზმაძედ მიაჩნდა.ყველა საინტერესო კითხვის პასუხს მკითხველი “ნაპოლეონის მამლუქში” იპოვის. ასევე გაეცნობა მცირე, თუმცა საინტერესო ცნობებს მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის კავკასიისა და ეგვიპტის ქართველი მამლუქების შესახებ, თუმცა ყველაზე აღსანიშნავი მაინც “ყოველთა ფრანგთა იმპერატორის”, ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების დეტალებია. მემუარები საკმაოდ სახალისო საკითხავია. არის რუსტამის მიერ გახსენებული და მემუარებში ჩაწერილი კურიოზები და ნაწყვეტები ნაპოლეონისა და მისი გარემოცვის შესახებ, ასევე ინფორმაცია იმ ქვეყნებზე, სადაც რუსტამი იმპერატორთან ერთად ლაშქრობდა. მოკლედ მკითხველი ამ წიგნის კითხვისას ნამდვილად არ მოიწყენს და სიამოვნების გარდა, ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს გაეცნობა.

მინდა კიდევ რამდენიმე წიგნი აღვნიშნო, რომელიც ქართულმა გამომცემლობებმა გამოსცეს და ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათგან ზოგიერთი შევიძინე, ზოგი მაჩუქეს. გადავწყვიტე ჯერ ეს წიგნები გამეცნო თქვენთვის:

ჟან ტიულარის “ნაპოლეონი: ერთი ცხოვრების საბედისწერო მომენტები” – ბრწყინვალე წიგნი – ასე შემიძლია შევაფასო ცნობილი ფრანგი მკვლევარისა და ნაპოლეონის საზოგადოების ერთ-ერთი მოთავის ეს ნაშრომი. მოკლედ ვიტყვი საქართველოში ასეთი დონის არცერთი ნაშრომი არ გამოქვეყნებულა ნაპოლეონის შესახებ და მე, ნაპოლეონის საზოგადოების წევრს, ეს ძალიან მახარებს. გამომცემლობა “აგორამ” ნამდვილად შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა ქართველ მკითხველს.

ალექსანდრე დიუმა “კავკასია” – ცნობილი ფრანგი მწერლის მიერ კავკასიაში მოგზაურობის შესახებ დაწერილი წიგნი საქართველოსთვის ძალიან ძვირფას ცნობებს შეიცავს და მშვენივრად ასახავს მე-19 საუკუნის მეფის რუსეთის ძალაუფლებაში მოქცეულ ჩვენ ქვეყანას.აქამდე “კავკასიის” სრულყოფილი ვარიანტი არ გამოცემულა, იყო საბჭოთა ცენზურის მიერ დამახინჯებული ვერსია, ახლა კი გამომცემლობა “აგორამ” კარგი საქმე გააკეთა და ეს მნიშვნელოვანი ნაწარმოები სრულად თარგმნა და გამოაქვეყნა. წიგნი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხითაც გამოირჩევა.

ზურაბ ბატიაშვილი(დარუჯანაშვილი) “ტრაპიზონის იმპერიის დაარსება” – წიგნის სახელწოდება ვნახე თუ არა, გადავწყვიტე შემეძინა. ამ მეტად საინტერესო წიგნში შესწავლილია ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა თამარ მეფემ და საქართველოს სამეფომ. ტრაპიზონის იმპერია თავდაპირველად საქართველოს სამეფოს მოკავშირე და ვასალი იყო, მეგობრულად განწყობილი და ბაგრატიონებთან დანათესავებული კომნენოსების მმართველობის დასაწყისში, თუმცა საქართველოს დასუსტების შემდეგ, ტრაპიზონი სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა და კიდევ საკმაოდ დიდი ხანი იარსება. წიგნი გამოსცა გამომცემლობა “არტანუჯმა”.

ჰიროტაკე მაედა “ქართველები სეფიანთა ირანში” – დაახლოებით ერთი წლის წინ შევიტყვე, რომ ასეთი სახელწოდების წიგნის ავტორი, იაპონელი ირანისტი და ქართველოლოგი, ჰიროტაკე მაედა იყო. ამ ადამიანმა მართლაც მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო შრომა შემოგვთავაზა სეფიანთა ირანში ცნობილი ქართველი მოღვაწეების შესახებ, მათ შორის უნდილაძეები, სააკაძეები და ბარათაშვილები არიან. განსაკუთრებით გამოსარჩევია დაუდ და ალავერდი ხან უნდილაძეების წვლილი შაჰ-აბას 1-ლის დროს ირანის გამძლავრებასა და აყვავებაში. ჰიროტაკე მაედას წიგნიც გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა, რომელიც აქტიურად აქვეყნებს საქართველოს შესახებ სხვადასხვა ისტორიულ ნარკვევებს.

ასევე მინდა გამოვყო გამომცემლობა “აგორას” მიერ გამოცემული, ფრანგი მწერლის, ბლეზ სანდრარის ორი საინტერესო რომანი – “ოქრო” და “რომი”, რომელიც ერთ წიგნად გამოიცა. “ორი ცხოვრება, ორი ბედისწერა, ორი ავანტიურისტი, რომლებიც ოჯახს ტოვებენ და გასამდიდრებლად ახალ მიწებზე მიემგზავრებიან. ერთი მე-19 საუკუნეში, მეორე მე-20-ში. ორივე ნულიდან იწყებს და მუხლჩაუხრელი შრომით მწვერვალებს იპყრობს, სახელს გაითქვამს და უცებ, რატომღაც, ყველაფერს კარგავს. სანდრარი თითქოს ერთმანეთში ურევს სინამდვილეს და გამოგონილს, მაგრამ მთლიანობაში, ორივე რომანი დოკუმენტურია, ისტორიული წყაროებიდან ნაკვები, სადაც ნამდვილად არსებული ადამიანების ნამდვილი ცხოვრებაა გადმოცემული. თუმცა, რა არის ცხოვრება? ისევ სანდრარის სიტყვები რომ მოვიშველიოთ “მთელი ცხოვრება ერთი ლექსი, ერთი ამოსუნთქვაა…”.

ნიკა ხოფერია