ბავშვობა, წიგნები… ნაწილი II


განვაგრძოთ დანარჩენი წიგნების მიმოხილვა. მაინ რიდის კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო სათავგადასავლო ნაწარმოებია “პატარა ზღვის მგელი”. მისი სხვა რომანებისგან განსხვავებით, ამ წიგნში თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. სიუჟეტი ეხება ყმაწვილს, რომელსაც ოცნება აქვს გახდეს მეზღვაური, იმოგზაუროს ზღვებში, გამოიაროს თავგადასავლები.

იგი ბევრი წვალების შემდეგ მოახერხებს გემზე შეპარვას, თუმცა ტრიუმში მოხვდება, ყუთებსა და კასრებს შორის, რითაც ხომალდის კაპიტანს ტვირთი გადაჰქონდა. მძიმე ყუთებს შორის მოქცეული ბიჭი ჯიბის დანით ორი კვირის განმავლობაში იკაფავს გზას გემბანისკენ. მას მოუწევს ტრიუმის ვირთხებთან გამკლავება, საჭმლისა და სასმლის ძიება სხვასასხვა კასრსა თუ ყუთში, იგი იყენებს მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას.

საბოლოოდ  არ დანებდება, თავს დააღწევს ყველა ხიფათს და გემბანზე აძვრება, სადაც მეზღვაურები მოასულიერებენ და თავის ეკიპაჟში მიიღებენ. ამ ამბავს ყოფილი კაპიტანი ჰყვება, რომელიც სამსახურიდან გადამდგარია და სიბერეს თავის დაგროვილი სიმდიდრით ატარებს.

ამ წიგნში კიდევ ერთხელ ვლინდება მაინ რიდის ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი და მუდმივი ბრძოლა შედეგის მიღწევისთვის, განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა “პატარა ზღვის მგელის” ერთ-ერთ თავში, რომელსაც ლათინური სიტყვა EXCELSIOR – “უფრო მეტი, ვიდრე ” ეწოდება, ანუ შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება.

მინდა გადავიდე ჩემ საყვარელ კიდევ ერთი მწერლის, ჟიულ ვერნის ნაწარმოებებზე. ჟიულ ვერნი სათავგადასავლო  ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, ამას გარდა შეგვიძლია  სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ჩამომყალიბებლად მივიჩნიოთ. მისი 65 ტომიანი თხზულებების კრებულ “არაჩვეულებრივი თავგადასავლებიდან”, რომელთაგან საუკეთესო ნაწარმოებები ქართულად არის თარგმნილი. ციკლ “უჩვეულო მოგზაურობებში”, რომლის რვატომეულიც ჩემს ბიბლიოთეკაშია განსაკუთრებით მიყვარდა და ახლაც ძალიან მომწონს კაპიტან გრანტის შვილები, ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ და საიდუმლო კუნძული – რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ გარკვეული კავშირი. ასევე ძალიან საინტერესოა 15 წლის კაპიტანიც.

ჟიულ გაბრიელ ვერნი

დავიწყებ კაპიტან გრანტის შვილებით. ეს იყო ჩემს მიერ წაკითხული ჟიულ ვერნის პირველი  რომანი, თუმცა მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ წავიკითხე და ყოველთვის ვპოულობ მასშჳ რაღაც ახალს და საინტერესოს. კაპიტან გრანტის შვილები ძალიან დამაინტრიგებლად იწყება – შოტლანდიელი ლორდი გლენარვანი, მისი მეუღლე ელენი და  ნათესავი მაიორი მაკ-ნაბსი იახტა “დუნკანით” სეირნობენ ზღვაში, ამ მოგზაურობისას აღმოაჩენენ ბოთლს, რომელშიც კაპიტან გრანტის ნახევრად გადაშლილი, სამ ენაზე დაწერილი წერილი დახვდებათ. სამივე წერილის გაანალიზებით ისინი დაადგენენ, რომ გრანტის გემი დაიღუპა, ეკიპაჟი რომელიღაც სანაპიროზეა გარიყული და შველას ითხოვს, ეს სანაპირო კი 37-ე პარალელზე მდებარეობს. შოტლანდიაში დაბრუნებულ გლენარვანს კაპიტან გრანტის შვილები, ყმაწვილი რობერტი და ქალიშვილი მერი ესტუმრებიან.

ელენი ხვდება მერი და რობერტ გრანტებს

თავისი მეუღლის, ელენის თხოვნით, გლენარვანი ხომალდ “დუნკანით” სახიფათო მოგზაურობაში გაეშურება მაიორ მაკ-ნაბსთან, ელენთან, გრანტის შვილებთან, გემბანზე შეცდომით მოხვედრილ შესანიშნავ ფრანგ გეოგრაფ ჟაკ პაგანელთან და კაპიტან ჯონ მანგლსთან ერთად. პაგანელი განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს წერილების გაშიფვრაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ისიც შეცდება და მოგზაურები ჯერ სამხრეთ ამერიკის ანდებს, შემდეგ ატლანტიკის ოკეანის კუნძულებს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ეწვევიან, ვერ პოულობენ კაპიტან გრანტს, თუმცა აღმოაჩენენ მის თანამგზავრ აირტონს, რომელიც ავსტრალიაში მუშაობს ირლანდიელი ფერმერის ოჯახში.

ტომ აირტონი

აირტონი გლენარვანის ნდობას მოიპოვებს  და კატორღელ ამხანაგებთან ერთად ეცდება მათ დახოცვასა და იახტა “დუნკანის” ხელში ჩაგდებას, თუმცა ეს არ გამოუვა და ტყვედ ჩავარდება. დასასჯელად მას თაბორის კუნძულზე მარტოსულს დატოვებენ, სადაც მოულოდნელად კაპიტან გრანტსა და მის გადარჩენილ მეზღვაურებს წააწყდებიან. საბოლოოდ ყველაფერი კარგად სრულდება და მოგზაურები გამარჯვებულები ბრუნდებიან შინ. ჟიულ ვერნი შესანიშნავად აღწერს გეოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტორებს, რისთვისაც მოხერხებულად გამოიყენა ჟაკ პაგანელის ძალიან საინტერესო, სასაცილო და ნამდვილი ფრანგული ხასიათის პერსონაჟი, რომელიც მუდამ დინჯსა და სერიოზულ მაიორ მაკ-ნაბსს ეკინკლავება.

სამხრეთ ამერიკის ანდები 

კარგად არის აღწერილი სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფლორა და ფაუნა, ასევე ატლანტიკის ოკეანის სხვადასხვა კუნძულისა. ჩანს ზელანდიელი მაორების, ავსტრალიელი აბორიგენებისა და ამერიკელი ინდიელების ცხოვრების წესი და ტრადიციები, კოლონისტთა სამოსახლოები, ნადირობა სხვადასხვა ცხოველსა თუ ფრინველზე, ოკეანეში მოგზაურობის თავისებურებები. მნიშვნელოვანი მომენტია მოგზაურთა დასაღუპად მრავალი ბოროტების ჩამდენი აირტონის უკაცრიელ კუნძულზე დატოვება, იქ სადაც მისი ყოფილი კაპიტანი გრანტი სახლობდა გემის ჩაძირვის შემდეგ. აირტონი საკვანძო პერსონაჟი გამოდგება ჟიულ ვერნის სხვა რომანში – საიდუმლო კუნძულში, რომელსაც ასევე სხვა ნაწარმოები – 80 000 კილომეტრი წყალქვეშ უკავშირდება.

80 000 კილომეტრი წყალქვეშ ჟიულ ვერნის შემოქმედებს მწვერვალად იქცა. ეს ნაწარმოები აღწერს საიდუმლოებებით მოცულ კაპიტან ნემოს ისტორიას, რომელიც წყალქვეშა ნავ “ნაუტილუსით” მოგზაურობს ზღვის სიღრმეებში, აღარ ეკარება ხმელეთს და ყველაფრისთვის თავის ხომალდს იყენებს. აქ ავლენს ჟიულ ვერნი განსკუთრებულ ფანტაზიასა და მეცნიერების შესანიშნავ ცოდნას, რისი წყალობითაც მან ამ წიგნით დროს გაუსწრო, წარმოიდგინა რა “ნაუტილუსი”, რომლის მგსავსის არსებობაც კი ჟიულ ვერნის დროისთვის წარმოუდგენელი იყო. კაპიტანი ნემო ფლობს მომავლის ტექნოლოგიებს, რითაც ოკეანეში ისე ცხოვრობდა, რომ ხმელეთიდან არაფერი სჭირდებოდა.

რამდენჯერმე მის ნაუტილუსს სხვადასხვა ქვეყნის გემები შეეჯახნენ და დაზიანდნენ, რის გამოც ევროპასა და ამერიკაში იგი ცალრქიან ვეშაპად მიიჩნიეს და მის წინააღმდეგ ამერიკული საბრძოლო ხომალდი გაგზავნეს, რომელსაც ფრანგი მეცნიერი არონაკსი, მისი მსახური კონსეი და ვეშაპთმჭერი, კანადელი ნედ ლენდი ახლდა. გემი ნაუტილუსთან ბრძოლის შედეგად ჩაიძირება, ხოლო პროფესორი არონაკსი, ნედ ლედი და კონსეი კაპიტან ნემოსთან აღმოჩნდებიან ტყვედ. ნემო თავიდან იზოლირებულ ოთახში ამყოფებს, შემდეგ კი მათთან ურთიერთობას დაიწყებს. კაპიტანთან ერთად ისინი მთელ ოკეანეებს და ზღვებს მოივლიან, ინადირებენ ზღვის ფსკერზე, მოხვდებიან ყინულოვან წყლებში.

ნემო გააცნობს მათ ნაუტლისუსის კონსტრუქციას, ოკეანის საიდუმლოებებსა და მეცნიერების ისეთ მიღწევებს, რომელიც არც ევროპაში და არც ამერიკაშია ცნობილი. ყინულოვან ოკეანეში ცურვისას ნაუტილუსი დაზიანდება, მეზღვაურების ნაწილი დაიღუპება, კაპიტანი ნემო ხომალდზე დარჩება, ხოლო ფრანგი მეცნიერი, ნედ ლენდი და კონსეი გადარჩებიან და მშვიდობით მიაღწევენ სამშობლოს. ამ ნაწარმოებზე ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ თავს აღარ მოგაწყენთ, დანარჩენს თავად წიგნში გაეცნობით. ჟიულ ვერნი საინტერესოდ გვიხატავს არამხოლოდ გეოგრაფიულ გარემოსა და ფლორა-ფაუნას, არამედ თავად პერსონაჟებსაც. ნამდვილად გამორჩეულია კაპიტანი ნემოს(ლათინურად Nemo ნიშნავს  “არავინ”), საიდუმლოებებით მოცული გენიოსის პიროვნება, რომელსაც რაღაცამ აიძულა, დაეთმო ამქვეყნიური ცხოვრება და ზღვისთვის მიეცა თავი, იგი დაღუპული იყო ხმელეთისთვის, მაგრამ წყალქვეშ აგრძელებდა არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მან თითქმის ყველაფერი იცოდა, რაც დედამიწაზე ხდებოდა.

იგი სინამდვილეში ინდოელი რაჯას ვაჟი, დაკარი აღმოჩნდება, რომლის ქვეყანაც ინგლისელებმა დაიპყრეს. იგი ინდოელი სიპაების აჯანყებას მეთაურობდა მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, მაგრამ ეს ამბოხი მარცხით დასრულდა, პრინცი დაკარის გამოსასყიდად ინდოელებმა დიდი თანხა გადაიხადეს, ხოლო მისი ცოლ-შვილი ინგლისელებმა ტყვეობაში დახოცეს. ევროპაში მიღებული მრავალმხრივი განათლებისა და უდიდესი ნიჭის წყალობით დაკარმა შექმნა “ნაუტილუსი”, შემოიკრიბა ერთგული ხალხი და ოკეანეს მიაშურა. მისი დევიზი იყო Mobile in Mobili, რაც ლათინურად ნიშნავს “მოძრავი მოძრავში”. ნემოს აზრით: “ზღვა დესპოტებისთვის მიუწვდომელია. მის ზედაპირზე მათ კიდევ შეუძლიათ იომონ და დახოცონ ერთმანეთი, მაგრამ ათიოდე ფუტის სიღრმეზე მათი ძალაუფლებაც სრულდება… ახ პროფესორო, იცხოვრეთ ზღვის სიღრმეში! მხოლოდ აქ არის ადამიანი ჭეშმარიტად თავისუფალი!

ამ რომანს ჰყავს კიდევ ერთი კოლორიტული პერსონაჟი, ეს კანადელი მებარჯე ნედ ლენდია. იგი ნამდვილი მეზღვაურისა და მონადირის ხასიათს ამჟღავნებს, რაც მის ტლანქ იუმორთან ერთად სასაცილო, სახასიათო პიროვნების სახეს წარმოგვიდგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჟიულ ვერნი უამრავი საინტერესო ნაწარმოების ავტორია, “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ” მაინც მისი შემოქმედების მწვერვალი და ქვაკუთხედია, რომელიც საუკუნის შემდეგაც არ ტოვებს პოპულარობას ხალხს შორის.

შემდეგ ნაწილში კიდევ რამდენიმე წიგნს შემოგთავაზებთ…

strong

Advertisements

კომენტარის დამატება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s