ბავშვობა, წიგნები… ნაწილი I


Ave ჩემო მკითხველო! მინდა გავიხსენო და თქვენც გაგახსენოთ ის პერიოდი, როდესაც პირველად დაიწყეთ ლიტერატურის კითხვა, გაეცანით ისეთ ავტორებს, რომელთა წერის მანერა, მათი წიგნების თემატიკა თქვენთვის ახლობელი, სასიამოვნო და ადვილად აღსაქმელი გამოდგა. ეს პირველი ნაბიჯებია წიგნების დიდი სამყაროსკენ და მეტად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში როგორ ვითარდება ადამიანის მიდრეკილებები და ინტერესები, რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ლიტერატურის გაცნობისას ჩნდება.

მე ძალიან მიხარია, რომ ადრეულ ასაკშივე მასწავლეს კითხვა, რადგან იმდენი წიგნი არსებობს, რომ დრო არასოდეს გეყოფა ყველა წაიკითხო, თუნდაც ეს შენს ინტერესებზე დაფუძნებული ნამუშევრები იყოს, ამიტომ არ ღირს დროის დაკარგვა, წიგნი ერთ-ერთი უდიდესი რამ არის, რაც ადამიანის გონებას და მუშაობას შეუქმნია, იგი გვაძლევს არამარტო ზოგად ინფორმაციას, არამედ ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრებას, შევიცნობთ სამყაროსა და ადამიანებს, გვივითარდება ფანტაზიის უნარი… რათქმაუნდა გააჩნია რას ვკითხულობთ, მაგრამ როგორც ნათქვამია – არ არსებობს წიგნი, რომლიდანაც ვერაფერს ისწავლი, ყველაზე უარესი ნაწარმოებიდანაც კი შეიძლება რამე ისწავლო…

მე ბევრი ისეთი წიგნი მაქვს, რომელსაც ადრეც სიამოვნებით ვკითხულობდი და ახლაც. მათ ჩემი ბავშვობა გაალამაზეს და გაამრავალფეროვნეს, ზოგიერთი მათგანი ათჯერ, ოცჯერ მაინც მექნება წაკითხული და დარწმუნებული ვარ კიდევ წავიკითხავ, რადგან ეს წიგნები ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა და მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ჩამოყალიბებული.  მინდა ზოგიერთი მათგანი მოკლედ მიმოვიხილო, იმედი მაქვს მოგეწონებათ, ხოლო თუ წაკითხული არ გაქვთ – წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ.

თომას მაინ რიდი 

მინდა დავიწყო ჩემი და არამარტო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერლით – მაინ რიდით. მისი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით მიყვარს სამხრეთ აფრიკელი ბურების ოჯახის შესახებ დაწერილი ტრილოგია, ბორნეოს ხიზნები, ოკეანეში დაკარგულები და პატარა ზღვის მგელი, რათქმაუნდა შესანიშნავია უთავო მხედარი, შორეულ პრერიებში, კვარტერონი და სხვა ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებულად სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი წიგნები შემიყვარდა.

დავიწყოთ ბურებით. მაინ რიდის ამ ტრილოგიაში აღწერილია სამხრეთ აფრიკაში ჰოლანდიელ ბურებსა(კოლონისტ ფერმერებს) და ინგლისელებს შორის მიმდინარე ომის პერიოდი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი. ბურთა ერთი ოჯახის, ვან ბლოომების თავგადასავალი ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. კალიების შემოსევის გამო ისინი დაკარგავენ მთელ მოსავალს და იძულებულები ხდებიან გაპარტახებულ და გაუდაბურებულ მხარეს გაეცალონ. მათ უამრავი ფათერაკი გადახდებათ თავს, მაგრამ გმირულად გაუმკლავდებიან, შემდეგ კი სპილოებზე ნადირობასა და ძვირფასი ეშვების შეგროვებას დაიწყებენ.

ვან ბლოომების ოჯახი

უნდა აღინიშნოს, რომ საოცრადაა აღწერილი სამხრეთ აფრიკის ფლორისა და ფაუნის თავისებურებები, უცხო ცხოველები და ფრინველები, მცენარეები, მწერებიც კი. ვხვდებით ნადირობის სცენებს სპილოზე, მარტორქაზე, ლომზე, ანტილოპაზე, აფთარსა და აფრიკული ფაუნის სხვა გამორჩეულ არსებებზე. განსაკუთრებით საინტერესო და გამორჩეულია შავტუხას – აფრიკელი მსახურის სახასიათო პერსონაჟი, იგი ბუშმენების ტომიდან არის, რომლებიც პიგმეებთან ერთად ყველაზე დაბლებად ითვლებიან აფრიკაში.

აფრიკული სავანა

შავტუხას აფრიკის შვილი და ამ ქვეყნის ხალხთა წარმომადგენელია, იგი გვაცნობს ბუშმენურ ტრადიციებსა თუ რიტუალებს. ავტორი ახერხებს მკითხველი ამოგზაუროს აფრიკულ სავანებში, მდინარე ორანჟისა და ლიმპოპოს სანაპიროებზე, კითხვის დროს შეუქმნას ეფექტი, თითქოს აფრიკაში იმყოფება და ყოველივეს თვითონ ადევნებს თვალს. საბოლოოდ ტრილოგიის პირველი ნაწილი მთავრდება იმით, რომ ვან ბლოომები მოახერხებენ საკმარისი სპილოს ეშვების შეგროვებას, რითაც დაკარგულ ქონებას აღადგენენ და ქალაქში დასახლდებიან.

ბუშმენი მონადირე

ტრილოგიის მეორე ნაწილი კვლავ ვან ბლოომების შესახებ არის. ახალგაზრდა ჰენრიკ ვან ბლოომი თავის ძმა ჰანსსა და მეზობელ ბურ ახალგაზრდებთან ერთად სანადიროდ მიდის აფრიკულ სავანებში. ისინი მრავალ ხიფათს გადააწყდებიან, იმოგზაურებენ სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა მხარეში, ინადირებენ ლომებზე, სირაქლემებზე, რაშიც მათი ზანგი მსახურებიც მიიღებენ მონაწილეობას და თავსაც გამოიჩენენ. კარგად ჩანს ლომის, ამ მრისხანე მტაცებლისა და აფთრის თვისებები, როგორ ნადირობენ, როგორი ყნოსვა და მხედველობა აქვთ. მონადირეები ყვებიან სხვადასხვა ამბებს აფრიკული ბუნების შესახებ, რაშიც მაინ რიდი ახერხებს გამოიყენოს თავისი მდიდარი ცოდნა და მკითხველს ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბროს თავისი პერსონაჟების პირით.  ნადირობა საკმაოდ წარმატებული და თავშესაქცევი გამოდგება, ახალგაზრდა ბურები კმაყოფილები დაბრუნდებიან შინ.

ბურები 

ტრილოგიის მესამე ნაწილში ვან ბლოომებისა და მათი მეგობრების მიზანი პატარა აფრიკული ჟირაფის ცოცხლად შეპყრობაა, რაზეც დიდი ჯილდოა დაწესებული. გმირები უამრავ ხიფათს გამოივლიან, ინადირებენ ბეჰმოთებზე, რომელთა კბილები სპილოს ეშვზე ძვირად ფასობს, შეხვდებიან სხვადასხვა ტომის აფრიკელებს, იბრძოლებენ მათ მტრებთან, ინადირებენ ჟირაფზე სხვადასხვა საშუალებით, ხშირად სიკვდილსაც ჩახედავენ თვალებში, მაგრამ საბოლოოდ გადარჩებიან და ექსპედიციას წარმატებით დაასრულებენ.

ზოგადად ამ წიგნს, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი საკითხავია და გვართობს, ბევრი სხვა დატვირთვაც აქვს, თუნდაც ის, რომ გვაძლევს მდიდარ ინფორმაციას მე-19 საუკუნის სამხრეთ აფრიკის შესახებ, ასახავს სხვადასხვა რასის ხალხის ურთიერთობას ერთმანეთთან და ადამიანის ჭიდილს ბუნებასთან. ჩემი აზრით ეს მაინ რიდის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია და თუ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ რომ ნახოთ ეს წიგნი, ნამდვილად არ ინანებთ და სიამოვნებასაც მიიღებთ.

მაინ რიდის ნაწარმოებებიდან პირველად “ბორნეოს ხიზნები” წავიკითხე. ეს წიგნი ასახავს გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილ და ბორნეოს კუნძულზე მოხვედრილი კაპიტან რედვუდის, მისი ვაჟის, ქალიშვილისა და ორი მეზღვაურის ისტორიას. ეს ადამიანები არ შეეპუებიან სიძნელეებს, გადალახავენ მარჯნის რიფებს, კუნძულზე მოძებნიან თავშესაფარს, საკვებს.

ისინი თავს იცავენ ნიანგებ-გავიალებისა და ორანგუტანტებისგან, ერიდებიან მეკობრეებთან და აადგილობრივ მკვიდრებთან შეხვედრას. მათი წინამძღოლი ამ კუნძულზე, მალაელი სელლუა. იგი გამოცდილი მონადირე და სუმატრასა და ბორნეოს ფლორისა და ფაუნის კარგი მცოდნე გამოდგება.

ორანგუტანგისა და გავიალის ბრძოლა


მაინ რიდი აღწერს ბორნეოს ბუნებას, კლიმატს, სასარგებლო და მავნე მცენარეებს, ცხოველებს. მოგზაურები კუნძულზე არსებული ინგლისური კოლონიისკენ მიისწრაფვიან, გზად კი უამრავ  დაბრკოლებას შეხვდებიან. საინტერესო პერსონაჟია ირლანდიელი მეზღვაური მურტაჰი. მასში მაინ რიდმა ნამდვილი ირლანდიელის ხასიათი გამოკვეთა. იგი ზოგჯერ ხიფათში ეხვევა, სულელობს, მაგრამ მოგზაურებს მაინც ბევრ საქმეში ეხმარება.

მახრჩობელა გველის თავდასხმა მურტაჰზე

გმირების მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება და ისინი ინგლისურ დასახლებამდე მიღწევას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბორნეოს ხიზნებში, ისევე, როგორ მაინ რიდის ნაწარმოებების უმეტესობაში, საკმაოდ არის შეცდომები ამა თუ იმ ბიოლოგიურ, გეოგრაფიულ თუ ისსტორიულ საკითხში, მაგრამ ეს უბრალოდ იმ დროის მეცნიერული წარმოდგენების ბრალია, მაშინ ხომ არ იყო ყველაფერი ისე შესწავლილი, როგორიც დღესაა.

კაპიტანი რედვუდი კლავს გიგანტურ ხვლიკს 

თავის დროის კვალობაზე კი მაინ რიდის თხზულებებში მოცემული ინფორმაცია ნამდვილად შესანიშნავი და უნიკალურია.

ოკეანეში დაკარგულები ჩემი აზრით მაინ რიდის საუკეთესო ნაწარმოებია უთავო მხედართან ერთად. ამ ნაწარმოებში გამძაფრებულია ის თვისება, რაც მაინ რიდის ნაწარმოებების სხვა გმირებსაც ახასიათებთ – შეუპოვრობა, ოპტიმიზმი და ბრძოლისუნარიანობა. მონებით მოვაჭრე კაპიტნის გემის ჩაძირვის შემდეგ, გადარჩენილი მეზღვაურები, მათ შორის ყმაწვილი უილიამი და მისი მეგობარი ბენი პატარა ტივით მოახერხებენ გადარჩენას. ისინი საშინელი საფრთხის წინაშე დადგებიან, თუმცა იმედს არ კარგავენ და გასამხნეველად ლოცულობენ.

ბენის მოხერხებულობის წყალობით ისინი მოახერხებენ წვიმის წყლის შეგროვებას, ზვიგენის შემოტევის მოგერიებას და მის საკვებად გამოყენებას. მალე ისინი გემიდან გადარჩენილ კიდევ ორ ადამიანს წააწყდებიან, შავკანიან მზარეულ თოვლიას და ახალგაზრდა და მშვენიერ აფრო-პორტუგალიელ გოგონა ლალის, რომლის მიმართაც უილიამი გულგრილი არ არის. ორი ტივის გაერთიანებით გმირები უფრო დიდ ტივს  გააკეთებენ, რომელსაც ბენი “კატამარანს” უწოდებს. ოკეანეში კიდევ ერთი დიდი ტივი დაცურავს, დაღუპული გემის დანარჩენი წევრებით, უსაკვებოდ დარჩენილები ისინი ერთმანეთს ჭამენ, მათი ლიდერი ბოროტი ავანტიურისტი, ფრანგი ლეგროა.

საბოლოოდ “კატამარანი” და დიდი ტივი ერთმანეთს წააწყდებიან მოტივტივე მკვდარი ვეშაპის მახლობლად, ბენი და ლეგრო ერთმანეთს მანამდეც ემტერებოდნენ. ბენი, უილიამი, ლილი და თოვლია მოახერხებენ გადარჩენას, ლეგრო და მეზღვაურები კი დაიღუპებიან. შემდეგ “კატამარანი” გემის შეშლილ კაპიტანსაც წააწყდება. ეულად დარჩენილს ოკეანეში. კაპიტანიც დაღუპული მეზღვაურების ბედს გაიზიარებს. ვეშაპთმჭერი გემი კი, რომელიც მოკლული ვეშაპისთვის დაბრუნდება, ოკეანეში დაკარგულებს შეიკედლებს და იხსნის ამ მძიმე ვითარებიდან.

სტატიის მეორე და მესამე ნაწილებში  სხვა წიგნებზე გესაუბრებით, ადიოს!

Advertisements

კომენტარის დამატება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s