ფენტეზი, ლიტერატურა, დრო


ალბათ ყველა ლიტერატურის მოყვარულმა იცის, რომ ქართველი მკითხველი ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის სიყვარულით მაინცდამაინც არასოდეს გამოირჩეოდა(თუ ჟიულ ვერნის სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში დაწერილ ნაწარმოებებს არ მივიღებთ, რომლებიც საკმაოდ მიღებული იყო წიგნის მოყვარულთა წრეში), თუმცა 21-ე საუკუნეში ეს ჟანრები ნელ-ნელა შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით პოპულარული კი ჯოან როულინგის “ჰარი პოტერის” ტომეულების გამოცემის შემდეგ გახდა.

ამას მოყვა “ჰობიტის”, “ბეჭდების მბრძანებლის”, “ოქროს კომპასის”, “შიმშილის თამაშების”, “ამბერის ქრონიკებისა” და რამდენიმე ცნობილი უცხოური ფენტეზის გამოცემა.

რაც ყველაზე სასიხარულოა, გამოჩნდა ქართველი მწერალი, ნატო დავითაშვილი, რომელმაც ქართული მითოლოგიასა და ტრადიციებზე დაყრდნობით დაწერა მშვენიერი წიგნები ფენტეზის ჟანრში: “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”, “ამბავი ლილე იროელისა”, “ნისლები და ნისლებს მიღმა”, “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი”.

მან მოიპოვა ისეთი ლიტერატურული პრემიები, როგორ არის “ოქროს ბუმბული”(“როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”) და “გალა”(“ნისლები და ნისლებს მიღმა”), ეს კი ერთგვარად იმაზე მეტყველებს, რომ ნელ-ნელა საქართველოში ფენტეზი ვითარდება.

ამ ჟანრის წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის მთარგმნელ ნიკა სამუშიასაც, რომელმაც “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის, “ჰობიტისა” და “შიმშილის თამაშების” შესანიშნავი თარგმანები შემოგვთავაზა. მე პირადად ძალიან მიხარია ამ ჟანრის განვითარება. ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა, განსაკუთრებით კი ისტორიულ-სამეცნიერო ლიტერატურას, მაგრამ ფენტეზში ვხედავ თავისუფლებას, რომელიც არცერთ სხვა ჟანრს არ აქვს. უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილ ირეალურ სამყაროებში მყოფ ლიტერატურულ გმირთა ისტორიები გაძლევს საშუალებას განიტვირთო, დაისვენო, მცირე ხნით მოსწყდე რეალობას და განიცადო, იგრძნო ის, რასაც ავტორი დებს ასეთ ნაწარმოებში. ზოგადად ვთვლი, რომ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის გარეშე მსოფლიო ლიტერატურა არ იქნებოდა ისეთი მდიდარი, ისეთი შთამბეჭდავი და ლამაზი, როგორიც არის და მინდა ყველას ვურჩიო, რომ იკითხოს ფენტეზი, დაისვენოს, იოცნებოს, იყოს თავისუფალი თუნდაც მცირე დროით. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. საკმაოდ დიდი ხნის წინ, გასართობად თავისუფალ დროს, გადავწყვიტე პატარა ფენტეზი შემექმნა, თუმცა მხოლოდ 1 მცირე თავი გავაკეთე. მინდა შემოგთავაზოთ, გაეცანით და ნუ იქნებით ძალიან სასტიკები გამოუცდელი ფანტაზიორის მიმართ(ეს ჩემი პირველი ლიტერატურული ნაწყვეტია, ვმუშაობ ისტორიულ-მეცნიერულ ჟანრში).

ბრძოლა შარქატის ციხესთან

ნაწილი I

წყვდიადს დაესადგურებინა შარქატის ციხის თავზე. შავი ღრუბლები ავად იმუქრებოდნენ ჭექა-ქუხილითა და წვიმით. მიწისქვეშიდან ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა, თითქოს ცაც და მიწაც მტერთან ერთად გვებრძოდა. შავი, საშინელი ფრინველების ყივილი სრულ სიჩუმეში გამყინავად გაისმოდა. ჩრდილოეთით ტყეებს ცეცხლი ეკიდა, ხანძარი შთანთგავდა ათასწლოვან ხეებს, მაგრამ ამაზე ახლა აღარავინ ფიქრობდა. დაძაბულობა და ნერვიულობა სუფევდა ჩემს თანამებრძოლებს შორის. ბორკი და ბროდი გუშინ დაიღუპნენ გარე ბასტიონისთვის ბრძოლაში სხვა მრავალ ჩვენიანთა შორის… როდესაც ცამ ცეცხლოვანი წვიმა წამოუშინა, მაშინ გაგვიჭირდა ყველაზე მეტად. მტრის საალყო მანქანების დაწვა მოვახერხეთ, ხალდები ჩავხოცეთ… უკან დაიხია ბნელმა, მაგრამ დილა არ გათენდა, კვლავ სიბნელე ფარავდა მტრის ბოროტ ზრახვებს ჩვენგან. ციხის დაქცეული ადგილები ამოვაშენეთ, ჩავხერგეთ ყველაფრით რაც ხელში მოგვხვდა, ახლა რა იქნება? საშინელება გვიახლოვდება, სასიკვდილო საფრთხე გვემუქრება, სიკვდილი ალბათ გარდაუვალია. წარსულში მოგვიგერიებია იერიშები, მაგრამ თითქოს მტერს ახალი ძალები შეემატა. მათთან დაპირისპირება სასტიკად რთული გახდა. ჩვენს მახვილებს უჭირთ ჰელთა ჯავშნის გაკვეთა, ისინი კი ისე ჭრიან ჩვენს რკინის მუზარადებს, როგორც ვაშლს. ისრები საკმარისად გვაქვს, მაგრამ მტერი ურიცხვია. უძილობისგან ფეხზე ძლივს ვდგავართ. მე დასვენების საშუალება მცირე ხნით მომეცა და ჩანაწერებს მივუბრუნდი, რათა ომის ქრონიკის ალბათ უკანასკნელი თავი დამესრულებინა, იმედია ოდესმე ვინმე წააწყდება და გაიგებს ჩვენს შესახებ, გაგვიხსენებს… ისრების ზუზუნი მესმის უკვე. შეტევა დაიწყო…(სიგურდ ბარდი, ეშმაკის ეპოქის 966 წელი, შარქატის ქრონიკები, თავი VI).

– ადგილებზე! მოემზადეთ უქნარებო, მტერი არ დაგვინდობს, არც ჩვენ უნდა დავინდოთ, ყველანი დახოცეთ! – უხმობდა მეომრებს შარქატის ციხისთავი თორან ჟღალწვერა. კატაპულტები მზადყოფნაში! – ბრძანებებს იძლეოდნენ ციხის ფართო ბანზე მდგარი მეთაურები. მშვილდოსნები მარჯვენა კედელზე გაგზავნეთ, კარიბჭის დაცვა გააორმაგეთ, კუპრი მოადუღეთ! – არ ცხრებოდა ჟღალწვერა – ააფრიალეთ ჩვენი დროშები, აღმართეთ სამეფო შტანდარტი. დერულგ, ოლაფ, ჩემი მახვილი და ჩაფხუტი მომიტანეთ, სწრაფად!

მეომრებმა პოზიციები დაიკავეს კოშკებსა და გალავანზე. ყველას იარაღი ჰქონდა მომარჯვებული და მტრის გამოჩენას ნერვიულად ელოდა. ამ დროს სადღაც შორს რაღაც ხმაური მოისმა. ჟღალწვერამ რამდენიმე მამაცი კაცი დაზერვაზე გაგზავნა ცხენებით, რათა გაეგოთ რა ხდებოდა. რკინის კარიბჭე გაიღო და მხედრები წყვდიადში გაუჩინარდნენ. დაძაბულობამ იმატა, გამოუცდელ მეომრებს იარაღი ხელში უკანკალებდათ. – ნუ გეშინიათ ბიჭებო, კუდით ქვას ვასროლინებთ – კოშკიდან-კოშკზე გადადიოდა ჟღალწვერა და თავის ხალხს ამხნევებდა. განსაკუთრებით მარცხენა კედლის სიმტკიცე აეჭვებდა, ამიტომ იქ ყველაზე მეტი ცოცხალი ძალა განალაგა: საუკეთესო ასეულები ადულისიდან და მშვილდოსნები თელ-ეროდიდან, მამაცი ბალდერის მეთაურობით.

შარქატის ციხე-სიმაგრე შარქატის(სისხლის) კლდეზე იდგა, რაც ძველი გადმოცემების მიხედვით იმიტომ შეერქვა, რომ აქ სხვადასხვა ეპოქაში მრავალი ბრძოლა გამართულიყო და ბევრი სისხლი დაღვრილიყო. სიმაგრეს სამი დონე ჰქონდა: პირველ დონეს დაბალი, თუმცა მტკიცე და სქელი გალავანი შეადგენდა, რომელიც ოთხ მრგვალ ბასტიონს ერტყა გარს, მეორე გალავანი ნაკლებად განიერი, მაგრამ უფრო მაღალი იყო, ხოლო მისი კოშკები წახნაგოვანი გახლდათ. აქედან ბოლო დონემდე ანუ ციტადელამდე მიწა მოსწორებული იყო გალავნის სიმაღლეზე და ფართო ბანზე დამცველებს კაპატულტები განელაგებინათ, რომლითაც საკმაოდ შორს წვდებოდნენ მტერს. ციტადელი უზარმაზარი ლოდებით აეგოთ, ხოლო სახურავი ხის ჰქონდა. ეს ნაგებობა უფრო საცხოვრებელი შენობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე სამხედრო დანიშნულების. ასეც იყო: ეროდიონელები მას იარაღისა და სურსათის საწყობად იყენებდნენ. შარქატის ციხეს დიდი, რკინით ნაჭედი მუხის კარიბჭე ჰქონდა, რომელსაც საჭიროებისას უკნიდან დიდი მორებით ხერგავდნენ. ციხე-სიმაგრე წყლის პრობლემას არასდროს შეუწუხებია, რადგან მეორე დონეზე წყაროები მოჩუხჩუხებდა. გალავნის პირველ დონეს გარშემო წყლის არხი ერტყა, რომელიც მიწისქვეშა ნაკადულებით ივსებოდა, მაგრამ ამჟამად დამშრალიყო, თითქოს მტერს უწყობდა ხელს ეროდიონელების ციხეზე იერიშში, ვინ იცის, იქნებ სწორედ წყვდიადის ძალებმა შეძლეს ბუნების დამორჩილება და მისი შარქატის ციხისკენ მომართვა.

ციხის პირველი დონიდან თითქმის აღარაფერი ჩანდა, რადგან სქელი ნისლი ჩამოწვა. უშიშარი ჟღალწვერა კვლავ ომახიანად აგრძელებდა მეომრების შეგულიანებას, მაგრამ ამ დროს ციხის კარიბჭესთან მისი გაგზავნილი მზვერავთა ცხენები გამოჩნდნენ. მხედრები აღარსად იყვნენ. მეომრებს ძარღვებში სისხლი გაეყინათ ამის დანახვაზე, იარაღს მაგრად მოკიდეს ხელი და თვალებით იდუმალ ნისლში საშინელი მოწინააღმდეგის მოძებნას ცდილობდნენ. ჟღალწვერაც კი შეაკრთო მზვერავთა გაუჩინარებამ, მაგრამ არ შეიმჩნია – ჯარისკაცებო, მოემზადეთ, მტერი ძალიან ახლოსაა – გააფრთხილა დამცველები და თვითონ პირველი გალავნის კარიბჭისკენ დაეშვა.

სწორედ ამ დროს შორს რაღაცამ დაიგრგვინა, წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა და საშინელი ღრიანცელითა და ხმაურით ნისლიდან მტრის არმიის ლეგიონები გამოიჭრნენ. ხმლებით, აკინაკებით, ჩუგლუგებით, მშვილდ-ისრებით, შუბებითა და ცულებით შეიარაღებული, ჯაჭვის პერანგითა და ფარით დაცული ხალდები სწრაფად მოარბენინებდნენ კიბეებს, შორიდან კატაპულტებმა დაიგრუხუნეს და გალავანს რამდენიმე ათეული ქვის ბირთვი მოხვდა, თუმცა დიდი ზიანი ვერ მიაყენა. შარქატის ციხიდანაც საკადრისი პასუხი გასცეს და ცეცხლმოდებული ყუმბარები პირდაპირ მტრის ცენტრში გაგზავნეს. ხალდები დაფრთხნენ, მაგრამ იერიში არ შეუჩერებიათ. ასპარეზზე რამდენიმე მბზინავი, მოვერცხლილი აბჯრით შემოსილი და ზარადიანი მხედარი გამოჩნდა. მათი ცხენები კუნაპეტივით შავი იყო და რუხი მოსართავები ჰქონდათ. მხედრები ერთიორად მაღლები იყვნენ დაბალ და მახინჯ ხალდებთან შედარებით. გრძელი, თეთრი თმები მუზარადიდან გამოსჩროდათ და მხრებზე ეფინათ, უნაგირზე კონდახიანი მშვილდები ჰქონდათ აკიდებული, ხოლო ზურგზე მახვილი მოეგდოთ. მათ გვერდით შედარებით უფრო მომცრო ტანის საჭურველმტვირთველები მოსდევდნენ, არა ხალდები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები. ისინი ტენიდნენ მათ კონდახიან მშვილდებს და უკან აწვდიდნენ. მხედრები საოცარი სიზუსტით ესროდნენ ქონგურებს მიღმა ჩასაფრებულ შარქატის დამცველებს. მათთან ერთად ციხის გარნიზონს ისრები ხალდების ათასეულმაც დაუშინა.

ჟღალწვერამ და მისმა მებრძოლებმა პირველი ტალღა მოიგერიეს, კიბეები ჩაყარეს და ხალდები ჩახოცეს, მაგრამ ამავე დროს ჰელები ძალები ავიწროებდნენ დასავლეთის კედლის მცველებს. იქ ცნობილი მებრძოლი, როდმარი მეთაურობდა ეროდიონელებს. ხალდებმა იმდენი კიბე მიადგეს გალავანს, რომ როდმარის ხალხი ვეღარ აუდიოდა. ორი ხალდი პირდაპირ მეთაურს დააცხრა, მაგრამ მან ორივე ძირს ჩამოყარა და ერთ-ერთს ცულის ყუა უთავაზა, ხოლო მეორეს მისმა მეგობარმა, სიგურდ ბარდმა წააცალა საზიზღარი თავი. მოწინააღმდეგემ კოშკზე მოახერხა ასვლა და ოციოდე ხალდმა, ბრჭყვიალა აბჯრით შემოსილი და ზარადჩამოშვებული ჰელის დახმარებით შავი ალამი აღმართა. როდმარმა სიგურდისა და სამი მეომრის თანხლებით სწრაფად შეუტია მას, რადგან იცოდა ეს შეიძლება სავალალოდ დასრულებულიყო და მოწინააღმდეგეს კოშკის საკუთარი პოზიციის გასამაგრებლად გამოეყენებინა. აბჯარასხმული ჰელი მეთაური ორ ეროდიონელს მისწვდა თავისი გრძელი მახვილით და თავები დააყრევინა, როდმარი კი ულმობლად იქნევდა ცულს, ხოცავდა ხალდებს და მისკენ მიიწევდა. ბოლოს ორი მძლავრი მებრძოლი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა. ჰელმა მახვილი მოუქნია როდმარს, მან აიცილა და ცული მხარში შემოკრა, თუმცა ბევრი ვერაფერი დააკლო მის მტკიცე საჭურველს. მოწინააღმდეგე ქარაშოტივით გადმოვიდა შეტევაზე.

როდმარს ფარი თან არ ჰქონდა და უჭირდა ცულით მისი მოგერიება. ამ დროს ერთ-ერთი დაჭრილი ეროდიონელი წამოიწია და ჰელს მუხლში ჩასცა გრძელი ხანჯალი. ავსულმა დაიხრიალა, მოულოდნელი დარტყმის მიმყენებელი ადგილზე მოკლა, თუმცა ცალი ფეხით კოჭლობა დაიწყო. როდმარმა დრო იხელთა. ორი მკვეთრი მოძრაობით ჩამოიცილა მისი დარტყმებ და თავისი ცული პირდაპირ სახეში უთავაზა. ზარადი გასკდა და ჰელს თავი შუაზე გაეპო. იგი მუხლებზე ჩაიკეცა. ხალდები შიშით მიმოიფანტნენ. მათი დიდი ნაწილი როდმარის ხალხმა დახოცა და კედლიდან გადაყარა. კიბეებიც ჩაყარეს, თუმცა მტრის იერიში მაინც გრძელდებოდა და ხალდთა ახალი და ახალი რაზმეული მოიწევდნენ დასავლეთ კედელზე. სიგურდ ბარდი ფეხში დაჭრეს და როდმარმა ჯარისკაცებს მისი ბრძოლიდან მოცილება უბრძანა, თვითონ კი თავდავიწყებით გადაეშვა მტრის რიგებში. ჟღალწვერა ამოქმედდა – სკალდირ, სწრაფად დასავლეთ კედელზე, შენი რაზმი წაიყვანე, აქ ჩვენც ვეყოფით – სისხლში გასვრილ ცულის ტარს მოავლო ხელი. მალე მტერი იქიდანაც განდევნეს.

გალავანი დაჭრილებითა და გარდაცვლილებით იყო სავსე, დახოცილი ხალდები მეომრებმა კედლიდან გადაყარეს, იგივეს გაკეთება მოუხდათ თავიანთ დახოცილებთან მიმართებაში, რადგან ალყაში მოქცეულ ციხეში გახრწნილი გვამი ეპიდემიას გამოიწვევდა. ჟღალწვერამ სულ ორმოცამდე ჯარისკაცი დაკარგა, მტერმა გაცილებით მეტი, მაგრამ შარქატის მცველებმა იცოდნენ, რომ მოწინააღმდეგე ურიცხვი იყო და ამიტომ ძალებს უნდა მოფრთხილებოდნენ. ნახევარი საათის განმავლობაში არცერთი ხალდი აღარ გამოჩენილა. ჰელებიც თვალს მიეფარნენ. გამოცდილი ციხისთავი გრძნობდა, რომ მთავარი შემოტევა მალე დაიწყებოდა, ამიტომ ძალების გადაჯგუფება დაიწყო – ოლაფ, ცოცხალი ხარ? ზემოთ ადი და ციტადელიდან ისრები მოგვაწოდე, კარიბჭეს ბიჯგები შევუყენოთ აბა საქმეს შეუდექით! ჯარისკაცები უზარმაზარ მორებს შეეჭიდნენ და მალე ციხის კარი საიმედოდ იყო დაცული. ჟღალწვერამ მუზარადი მოიხადა, იღლიაში ამოიჩარა და კეცებივით ფართო და უხეში ხელისგულებით გაქონილი სახე მოიწმინდა – როდმარი მომიყვანეთ. ორი ჯარისკაცი გაიქცა ბრძანებაზე. მცირე ხანში დასავლეთ კედლის რაზმების ხელმძღვანელიც გამოჩნდა. როდმარი მაღალი, მხარბეჭიანი კაცი იყო, მოკლე, შავი წვერითა და ყორანივით შავი, ძალზედ მეტყველი თვალებით. ჯერ კიდეც ახალგაზრდას, უკვე გამოცდილი მეომრის იერი ჰქონდა. ტანთ უბრალო ჯაჭვის პერანგი ემოსა და ჩრდილოური მუზარადი ეხურა. ბეწვის ქურქი ზურგზე მოეგდო, წელზე შემორტყმულ ტყავის სარტყელზე ორლესული მახვილი ჩამოეკიდა. ხალდების მუქი სისხლით შეღებვოდა ფეხსაცმელები. გისმენთ მეთაურო – მოკლედ განუცხადა ჟღალწვერას. – ჩემო მამაცო როდმარ, შარქატის ციხის დღეები დათვლილია, ჩვენც მალე დავიხოცებით და ჩვენს დამპალ სულებს ეშმაკებს ჩავაბარებთ. მე ამას ვგრძნობ, ვიცი, რამდენიმე იერიშსღა თუ გავუძლებთ, შენთვის უკანასკნელი დავალება მაქვს, გამომყევი – წამოდგა ჟღალწვერა – არტან, მეთაურად დროებით შენ გტოვებ, მიხედე საქმეს, მე ციტადელში მივდივარ როდმართან ერთად.

ციტადელი დაცარიელდა, რადგან ყველა მეომარი პირველი და მეორე დონეების დასაცავად გაგზავნა მეთაურმა. როდმარმა და თორან ჟღალწვერამ ჩირაღდნები მოიმარჯვეს, რადგან ცა კვლავ საშინლად იყო მოქუფრული და მუქარით დაჰყურებდა ციხეს. როდმარ – შემოდი, გასძახა ჟღალწვერამ ქვის კედლებით ცალკე გამოყოფილი ოთახიდან, რომელშიც პირველმა თვითონ შეაბიჯა და სანთლები აანთო. როდმარიც მიჰყვა და დაინახა უცნაური ნახატებით ჭერამდე დაფარული შიდა კედელი. გამოსახული იყო ბრძოლის სცენები – ეროდიონელები ებრძოდნენ გოლიათებს, მგლებს, ჰელებს და ხალდთა ასეულებს. ზოგგან უცხო ენით მიწერილი წარწერებიც ჩანდა.

ჟღალწვერამ ერთ-ერთ ნახატზე ანიშნა – ეროდიონელი მეომარი გულში ხანჯალს უყრიდა ჩამუხლულ ადამიანს, რომელსაც მუსფელის გვირგვინი ედგა თავზე. როდმარ – იცი რა არის და რას წარმოადგენდა ასწლეულების წინ შარქატის ციხე? – ალბათ თავდაცვის საშუალებას მტრისგან – გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა იმბროსელმა. შარქატის ციხე ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძველი ნაგებობაა როდმარ და აქამდე რამდენჯერმე აუღია მტერს. პირველი ეპოქის 402 წელს ცნობილმა იბეროსელმა მებრძოლმა, არკოს კოჭლმა შარქატის ციხესთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა ჰელთა და ხალდთა იმპერატორი ვლადისლავ II დაწყევლილი, მგონი მის შესახებ შენც გსმენია, როგორც ეროდიონელი ბარდები მღერიან:

“იყო დრო როცა ციხე შარქატის,

გადაეღობა გზად მეფეს ხალდთა,

ცანი შერისხა, ხალხი დასაჯა,

გადაეფარა ღრუბელი მკვდართა,

არკოსის ძალამ დასძლია იგი,

და დასცა მიწას შავი კოშკები,

მისმა ჯარებმა გააცამტვერეს,

უკუნის ძალთა ცეცხლის დროშები,

გარბოდა მეფე ხალდთა ძლეული,

უკან მისდევდა სიკვდილი ფლიდი,

არკოსის მახვილს ვეღარ გაასწრო,

მიწას დაეცა გვირგვინი დიდი,

მისანმა მეფეს ურჩია ასე,

გვირგვინს შარქატი უკეთ დაიცავს,

მასზე უკეთეს ადგილს ვერ გირჩევ,

როცა უკუნი მიწას მოიცავს…

– როდესაც ორმოცდაათი წლის წინ ამ ციხის დაცვა ჩამაბარეს, მას შემდეგ ჰელებმა მრავალჯერ სცადეს გვირგვინის ხელში ჩაგდება, რადგან მის გარეშე ვერ გაერთიანდებიან.

ვერცერთი დიდებული ვერ შეძლებს სრულად დაიმორჩილოს ჰელთა სხვა დინასტიათა სამთავროები, ისინი მხოლოდ გვირგვინიან მეუფეს აღიარებენ(ალბათ შენ ამ ნივთზე ჩემზე ბევრად მეტს გაიგებ). მას შემდეგ მუსფელის, ზარდანისა და სკალდის ლორდები მოსვენებას არ გვაძლევენ, მეფე გუდრიკ გუნარის ძეს კი არ სურს ქვეყნის სიღრმეში წაიღოს ჰელთა გვირგვინი, კვლავ მისნის წინასწარმეტყველებისა სჯერა, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ამ ნივთის აქ გაჩერება აღარ შეიძლება, თუ მას მტერი დაეუფლება, სასიკვდილო საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით, ახლა კი ორი გაერთიანებული ჰელთა სამთავროს ჯარები დგანან, ხსნა აღარაა, ათასზე ნაკლები დავრჩით… ჟღალწვერამ ვერცხლის გასაღები მოარგო ხის სკივრის საკეტს, გააღო და შავ ქსოვილში გახვეული რაღაც ნივთი ამოიღო. ეს პირადად მეფეს გადაეცი, პირდაპირი გზით შეგიძლია იმოძრაო, ჩასაფრებები არამგონია მოაწყონ, ჯერ ღრმად არ შემოსულან ქვეყანაში, ჩემი ცხენი, ჰუნდესი წაიყვანე და წადი, სწრაფად!

მეთაურო, გთხოვ ჩემი დაჭრილი მეგობარი, სიგურდ ბარდიც თან გამაყოლო, იგი შარქატელთა გმირობის უტყვი მოწმე და უკვდავმყოფია, სიგურდი პოემებს თხზავს ჩვენ გმირობაზე, არასოდეს რომ არ დაივიწყონ ეროდიონელებმა, თუ ვინ დგას მათი მშვიდად ცხოვრების სადარაჯოზე. ნებას გაძლევ, წაიყვანე სიგურდიც, მისი ცხენი თავლაშია, ნახვამდის როდმარ, ჯოჯოხეთში შევხვდებით! – გადაიხარხარა ჟღალწვერამ და მხარზე ხელი დაჰკრა – შემდეგ ჩაფიქრდა და უთხრა – ბოლომდე იბრძოლე, რათა ჩვენი გმირობა ამაო არ გამოდგეს, დაიცავი მეფე, დაიცავი ხალხი და დაიცავი ქვეყანა! – გაეშურე შენი ბედის საძიებლად! მშვიდობიან გზას გისურვებ მამაცო მეომარო! როდმარი მიხვდა, რომ უნდა ეჩქარა, მტკიცედ ჩამოართვა ხელი ჟღალწვერას, შემდეგ კი მეგობრულად გადაეხვია და სიგურდის მოსაყვანად გაიქცა. მალე როდმარი და სიგურდ ბარდი გავეშებულ ბედაურებს დედაქალაქისკენ მიაჭენებდნენ, შარქატის ციხე კვლავ ამაყად იდგა, მისი დამცველები კი საკუთარი სხეულით იცავდნენ მის თითოეულ კოშკს, გალავანს, მალე კიდევ უფრო ჩამოღამდა და მოგზაურთათვის სიბნელის მიღმა გაქრა შარქატის უკანასკნელი ლანდი…

ნიკა ხოფერია

Advertisements

კომენტარის დამატება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s